მცდარი წარმოდგენები სოციალურ მედიაზე

ალბათ ყველას გახსოვთ ის დრო, როდესაც სოციალურ ქსელებს დიდი ეჭვის თვალით უყურებდნენ და მაშინ ალბათ არავინ დაიჯერებდა, რომ დღესდღეისობით ამ პლატფორმებს ამხელა როლი დაეკისრებოდა ბიზნესის საქმიანობაში.

მართალია ყველა მიხვდა, რომ სოციალური ქსელის გამოყენება გარდაუვალი აუცილებლობაა, თუმცა ჯერ ჯერობით ყველა ვერ ჩაწვდა ბოლომდე მის სირთულეებს და ჰგონიათ, ყველაფერი მარტივზე მარტივია.

მოკლედ, გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ წავაწყდით რამდენიმე ცრუ წარმოდგენას და გვინდა თქვენც გაგიზიაროთ.

რა უნდა ამის კეთებას, ამას ხომ მეც დავპოსტავ და დავბუსტავ.

მეგობრებო, პირველი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სოციალურ ქსელში პოსტის დადება მარტივი არ არის. საჭიროა შეისწავლო იმ ბიზნესის სპეციფიკა და საქმიანობა, რომლის სოციალურ გვერდსაც მართავ. შემდეგ საჭიროა გაიგო, რა მოსწონს და აინტერესებს იმ აუდიტორიას, რომელიც ამ ბიზნესის პოტენციური თუ არსებული მომხმარებელია.

მას შემდეგ რაც ეს ორი საკითხი დალაგდება სოციალური მედია მენეჯერის ყოველდღიურობა არის ასეთი: დიზაინერთან კომუნიკაცია და პოსტებისთვის ვიზუალის შერჩევა, პოსტის ქოფის მოფიქრება და დაწერა, მომხმარებელთან და კლიენტთან კომუნიკაცია.

ასევე სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და მართვა. დიახ, სარეკლამო კამპანია ცალკე დასაგეგმი ამბავია და მარტო დაბუსტვით არ შემოიფარგლება.

კამპანიას ვგეგმავთ შესაბამისი მიზნისთვის, ვარჩევთ აუდიტორიას, ვანაწილებთ თანხას.

თვეში ერთხელ კი კეთდება მონიტორინგი, როგორც შინაარსობრივი ნაწილის, ასევე სარეკლამო კამპანიის.

„ამას რა უნდა, მეც დავდებ“ ლოგიკით შექმნილი გვერდი ალბათ გინახავთ ბევრი და შეგიძლიათ განსაჯოთ, რამდენად არასწორი მიდგომაა.

 

ერთი თვე გავიდა და გაყიდვები არ გამზრდია, რაშია საქმე?

ამ კითხვას იმდენად ხშირად სვამენ, რომ გადავწყვიტეთ განვმარტოთ, რისთვის არსებობს სოციალური მედია და რა არის მისი მთავარი როლი ბიზნესის საქმიანობაში.

იმისთვის, რომ მეტი მომხმარებელი გყავდეთ, საჭიროა მიაწოდო ინფორმაცია თქვენი არსებობის შესახებ, მიაწოდოთ პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მომხმარებელს სჭირდება, შეუქმნათ კარგი წარმოდგენა თქვენს კომპანიაზე და შესთავაზოთ კარგი სერვისი.

ეს ყველაფერი იმდენად არის მიბმული ერთმანეთზე, რომ თუკი რომელიმე ნაწილი ჩავარდება, მაშინ გაყიდვების გაზრდაზე ლაპარაკიც ვერ იქნება.

სოციალური მედია ამ შემთხვევაში ასრულებს შემდეგ როლს: მისი მეშვეობით კომპანია ზრდის ბრენდის ცნობადობას ანუ აგებინებს ხალხს, რომ არსებობს ბრენდი, რომელიც კონკრეტულ სერვისსა თუ პროდუქტს სთავაზობს, ასევე ქმნის კომპანიის სახეს, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია პოზიციონირებს, როგორც კონკრეტული შეხედულებების და დამოკიდებულების მქონე ობიექტი.

თუკი მთელი გაყიდვები სოციალური გვერდის იმედად გაქვთ, მაშინ მზად იყავით იმისთვის, რომ დაახლოებით 9-10-თვიანი აქტიური მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ გაყიდვებმა იმატოს.

ბევრი ლაიქი მინდა გვერდზე და ვიყიდოთ

მართალია ასეთი მოთხოვნებით სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მოდის, თუმცა თემა მაინც აქტუალურია და საჭიროებს განმარტებას.

სოციალური ქსელები და განსაკუთრებით Facebook გვაძლევს ძალიან საჭირო ანალიტიკას, რომელიც სამომავლოდ გვეხმარება განვსაზღვროთ ბრენდის პრიორიტეტები და მომხმარებლის დამოკიდებულებები.

მთავარი ის არ არის, რომ ბევრმა ადამიანმა დაალაიქოს თქვენი გვერდი, მთავარი ისაა, ვინც დაალაიქა, რამდენად არის ჩართული ბრენდის აქტივობებში, რამდენად აინტერესებს ის პროდუქტი თუ მომსახურება, რომელსაც სთავაზობთ.

ასე რომ, ხელოვნურად გაზრდილმა რიცხვებმა შესაძლოა შეგიყვანოთ შეცდომაში და ისევ და ისევ თქვენი ინტერესები დააზარალოს გაყიდვებთან დაკავშირებით.

 

რატომ უნდა დავხარჯო Facebook რეკლამაში ამდენი ფული?

ისევ და ისევ იმ აზრით გამყარებული ადამიანები არსებობენ, რომლებიც შეხედავენ ჩვენ მიერ გაკეთებულ შეთავაზებას და გვეტყვიან, რომ მხოლოდ ის პოსტები გავუშვათ რეკლამაში, რომელიც მათ გაყიდვებს გაუზრდით და დანარჩენი ისე დავდოთ, ხოლმე. ცდილობენ ჩვენ მიერ შეთავაზებული სარეკლამო ბიუჯეტი გაანახევრონ და თვლიან, რომ ამხელა ფულის ხარჯვა სოციალურ მედიაში არ ღირს.

არადა ამავდროულად რადიოსა და ტელევიზიაში გაშვებული აქვთ რეკლამები, რომელიც ბევრ ათას ლარს სცდება.

სოციალური მედია გვაძლევს საშუალებას უწვრილეს დეტალებში განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია, რომელსაც გვსურს გავაცნოთ ჩვენი თავი, შესაბამისად შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რამდენ ადამიანს გამოუჩნდება ჩვენი რეკლამა და მიღებული შედეგიდან გამოვიტანოთ დასკვნები.

ასე რომ, ზუსტადაც რომ სოციალურ მედიაში რეკლამაზე დახარჯული ფული მოგცემთ მეტ წარმოდგენას არსებულ სიტუაციასა და თქვენს პოტენციურ მომხმარებელზე, ვიდრე ტელევიზიაში გაშვებული რეკლამა, რომელსაც ვინ უყურებს და რა რეაქცია აქვს, წარმოდგენაც კი არ გვაქვს.

ამ თემასთან დაკავშირებით ალბათ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, თუმცა შევეცადეთ გამოგვეყო ის ძირითადი არასწორი წარმოდგენები, რაც უმეტეს შემთხვევაში ხელს უშლის საქმეს და ასევე სოციალურ მედია მენეჯერსა  და კლიენტს შორის კომუნიკაციას.