რა არის ბრიფი?

ბრიფი

ხშირად, როდესაც კამპანიის დაგეგმვა გვსურს, არ ვიცით, როგორ დავიწყოთ. მივდივართ სარეკლამო სააგენტოებში, ძალიან ზოგადად ვყვებით, რა გვსურს და ველით მათგან სასწაულის მოფიქრებას.

იმისთვის, რომ კამპანიამ კარგად იმუშაოს, პირველ რიგში დამკვეთისგან არის საჭირო სიზუსტე და მიზნების სწორად ჩამოყალიბება.

კომპანიაში მისვლამდე დაწერეთ ბრიფი. ბრიფი ეს არის დოკუმენტი, რომლითაც იწყება თქვენი თანამშრომლობა ნებისმიერ სარეკლამოსთან. აქ თავმოყრილია ყველა ის ამოცანა და მიზანი, რომელიც კომპანიას აქვს დასახული.

ინფორმაცია უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დეტალური და კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებული.

რა ინფორმაცია უნდა ეწეროს ბრიფში?

კომპანიის საქმიანობა

ეს აუცილებელია, რადგან კამპანიის ყველა კომპონენტი შეესაბამებოდეს თქვენს საქმიანობას და ღირებულებებს.

მიზნები და ამოცანები

რის გამო გეგმავთ კამპანიას, რისი მიღწევა გსურთ, რა მოლოდინები გაქვთ.

სამიზნე აუდიტორია

განსაზღვრეთ სეგმენტი ასაკის, სქესის, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. აუცილებელია სეგმენტაცია იყოს ზუსტი, რათა სარეკლამო სააგენტომ იცოდეს, რა ტიპის მომხმარებელს უნდა მისწვდეს კამპანიის ფარგლებში.

პოზიციონირება

როგორ პოზიციონირდება თქვენი კომპანია ამჟამად და როგორ გსურთ პოზიციონირდებოდეს მომავალში.

უპირატესობები

ის კომპონენტები, რომელიც გამოარჩევს თქვენს საქმიანობას სხვებისგან. რას მიიღებს კლიენტი, განსხვავებულს იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს პროდუქტს შეიძენს.

მიმართვის ფორმა

ყველა სამიზნე აუდიტორიისთვის მიმართვის ფორმა. როგორი კომპანია ხართ: სოლიდური, ახალგაზრდული თუ მხიარული. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, რათა არ დაიკარგოს ძირითადი ხაზი სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებში.

კამპანიის ბიუჯეტი

გამოყავით თანხა, რომელიც გათვლილი გაქვთ ამ კამპანიისთვის. რათა სარეკლამო სააგენტოს ჰქონდეს წარმოდგენა, რა ბიუჯეტში უნდა ჩაატიოს ყველაფერი, რასაც დაგეგმავს.

დროის გათვლა

რა დროში გსურთ კამპანიის განხორციელება.

განსაკუთრებული მოთხოვნები

თუ არის ისეთი ასპექტები, რომელიც არ არის ცნობილი, თუმცა გსურთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ კამპანიის დაგეგმვისას.